Wake Up!.. / გამოიღვიძე!..

გამოიღვიძე!..
მე ვარ ყველგან
შენი ფსიქიკიდან დაწყებული და ქუჩაში კედელზე ნახატად გაგრძელებული
მე თუ დავტოვებ დედამიწას, ისევე ვიქნები შენში, როგორც ახლა,
როდესაც შენი სახება არის ფოთოლი
რომელიც ხიდან ვარდება
მე კი მორბენალი ზღარბი რომელსაც თავისდაუნებურად დააფრინდები,
ნემსივით გეჩხვლიტები და მოგწამლავ
კოკაინის ზედოზირებით მოგკლავ,
მე კი გადავიქცევი ვამპირად შენი სისხლის დასალევად
და იმ ქვეყნად თუკი შესწევთ სულებს ცხოველური სიამოვნების მიღება
დავკავდებით სექსით.
მაგრამ შენ ფოთოლი არ ხარ
და რომც იყო მაინც დამშორდები
რადგან ვერ ამიტან შეშლილს, ანუ შენზე ისე მძლავრად შეყვარებულს,
როგორც ფსიქიატრიალიდან გაქცეული პაციენტის სულში თავისუფლებას,
ან მეამბოხე ქუჩის მხატვრისა და პოეტის ნანატრ სიმშვიდეს
ამ უსამართლო ქვეყანაში სადაც პროტესტის ნიშნად
გამოვიყენებ მისაღებ სიტყვებს და ბინძურ ქმედებას,
რითაც დაგაჯერებ რომ უნდა გავფრინდეთ,
რომ ფრენისას განახო ჩემი ნამდვილი წყნარი სახე კეთილი ღიმილით
და ღმერთმა იცის ამ ფრენის შემდეგ თუ გავხსნი თვალებს..

გამოიღვიძე!
შენ ან იტირებ ჩემზე ან სულაც ვერ გაიგებ ჩემს სიკვდილს
რადგან შენ არ გეცოდინება
ჩემი მისამართი, ნომერი, ხელის ჩაკიდებით გადაცებული სითბოც კი.

გამოიღვიძე!.
მე აღარ მინდა ერთოთახიან ბინაში სიკვდილი მარტოს.
მე აღარ ვარ 27 წლის,
და ამ ცხოვრებიდან ეს მომენტიც არაა ჩემი დიდების პიკი.

მორიგი წინადადება კი სუფთა გრაფიტია,
ბალონის საღებავის გარეშე,
ანუ ჩემი შენდამი ნდობისა და სულიერი გრძნობების ეგოიზმი
— „შენ იქნები შეშლილ პოეტთან ერთად
მაშინაც კი თუ ის დაგტოვებს და შენ ვერ შეძლებ სხვისკენ გახედვას,
რადგან გეცოდინება რომ მასში ხარ აწ და მარადის!“

მაშინაც კი გიყურებს ნიკა,
როდესაც უღიმი შვილს, როდესაც უყურებ მის ფოტოს, როცა არც კი გახსენდება.
გამოიღვიძე!

ესაა უკვდავი წერილი შენამდე,
ტაბუსგან,
ვინც ერთი ნახვით შეძლო რომ შეეყვარე და ეთქვა შენთვის,
რომ მას უნდა შენთან ცეკვა საკუთარი ორგანიზმით შექმნილ მუსიკაზე,
ცეკვა გონების დაკარგვამდე,
ცეკვა იატაკზე დაცემამდე,
ცეკვა ბოლო ამოსუნთქვამდე, ანუ ცეკვა ბოლო სულიერ აციმციმებამდე!
ცეკვა, რომელიც აგიკივლებს ფსიქიკას სასმელისა და სინთეტიკური ბოლის გარეშე,
უბრალოდ …
სიტყვით …
როდესაც შენ წაიკითხავ და წარმოიდგენ …
თუნდაც იმას თუ როგორ გეხვევა ფეხზე გველი და გიყეფს კატა,
შენ კი მძიმე სამსახურიდან მოსულს,
არც ძლიერი ჩაი და არც ყავა არ გშველის დაღლილობისგან,
გჭირდები მე.
გამოიღვიძე!..

One thought on “Wake Up!.. / გამოიღვიძე!..

  1. არ ვარ უდაბნოელი, მაგრამ ვიცი ოაზისის ცისარტყელა, ბედნიერება, ბედუინის გამომშრალ სახეზე ერთი ჭიქა წყლით მინიჭებული ღიმილის ფასი.
    არ ვარ შაოლინის ბერი, მაგრამ ვიცი მათი ყოველდღიურობა,
    არ ვარ გამოქვაბულში ნაცხოვრები მაგრამ ვიცი პირველყოფილთა ნახატები,
    არ ვარ ლიზერგინის მჟავა, ან სხვა ფსიქოდელიკი, მაგრამ ვიცი როგორ ზემოქმედებს ნახატი, მუსიკა, ბავშვის ტირილი, ქალის კივილი და ადამიანის გამოხედვისას წამში გაჩერებული კადრი ჩემს ღია ნაცრისფერ მასაზე მორბენალ ნეირონებზე
    ჰბადებს ახალ შეშლილ იდეებს რაც იზრდება ნახატად, პოეზიად, მუსიკად და კედლებზე საღებავით გადმომაქვს ეს შენამდე..
    მე ვიპოვე ჩემი გზა და ვამბობ რომ ქუჩის უკანონოდ მხატვრობა და გრაფიტი ჩემი ცხოვრებაა.
    ვინ ხარ შეეენ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *