ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება (2017)

ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი.
ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს,
რომელშიც სიტყვა “განვიცდი” ყოველთვის მავიწყდება
და სხვა სიტყვით ვანაცვლებ,
თუმცა ვხვდები,
რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება.

ვგრძნობ,
სიგარეტი კი არა,
მე ვიწვები.
ფერფლი ჩემი სხეულია
და ფილტრი კი ის ლექსი,
რომელიც ჯერ არ დაწერილა
და თუ დაიწერება,
იმასაც სადმე გადააგდებენ.

იმასაც ვგრძნობ,
რომ შეშლილი ვარ
და ჩემი ცხოვრება უფრო პატარაა,
ვიდრე ჩემი პოეზია.

მახსენდება დიდი იაპონელი მწერლის ფრაზა –
“იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული,
რომ მზე კასრზე მცირეა ზომით.”
ასევე ვიხსენებ ძმაკაცის სიტყვებს,
რომ მე დიდხანს სიცოცხლე მიწერია
და მეღიმება.

ვგრძნობ,
ტყუილად არ ვღლი ნაბიჯებით ჩემი ქალაქის ქუჩებს.
ზოგჯერ,
მთვარეს ვესაუბრები
და ზოგჯერ,
დაბმული რკინის ტკივილსაც ვიზიარებ,
რომელსაც უწევს ყოველი დღე ტანით იტვირთოს ვაგონები,
რომლებიც უფრო მტვრიანია,
ვიდრე ჩემი სორო,
რომელშიც ვცხოვრობ.

და თუ სიყვარული
პირტიტველა ლიტერატორების საკენკია,
მაშინ ჩემი ვარსკვლავი უბრალო რიყის ქვაა.

და თუ შენ არ დამიდგები გვერდით,
მე მაინც გავაგრძელებ გზას,
თუნდაც მიწიდან ტბაში,
ან მდინარეში მოსროლით
და ბოლოს დავილექები ძირზე. 

2017.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *