სახელითა ბოღმისათა მოგვეზღო ჩვენ.
და როცა ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებდით
ბუზისა და ტყვიების ზუზუნს,
დავინახეთ, რომ
ღმერთი ლამფის მბჟუტავი შუქი იყო,
და პატარა ყვითელი გენერატორი იყო,
და უმუშევარი მამაჩემის შარვალი იყო,
და ფერდებჩაცვენილი სკოლის შენობა იყო,
და ბოლოს და ბოლოს, რაღაცის მოლოდინი იყო,
რომელსაც, კაცმა არ იცის, რატომ ვეპოტინებოდით.
სახელითა სიმხდალისათა მოგვეზღო ჩვენ.
და მაშინ, როცა ქუდზე კაცი უნდა დამდგარიყო,
თითო კაცზე თითო ქუდი ვიყიდეთ და საგულდაგულოდ
ჩამოვკიდეთ შემოსასვლელებში, მოსალოდნელი
სიცივისათვის.
იმ ზამთარს კი, გადაბმულად სამი დღეც კი არ უთოვია.
სახელითა სიძულვილისათა მოგვეზღო ჩვენ.
და როცა არავის უსწავლებია როგორ გვყვარებოდა,
ავდექით და გავხდით თვითნასწავლი მოძულეები,
და როცა სიყვარული დაგვჭირდა,
ჩვენ მიგვასწავლეს გზა,
რომელიც ნავთის გამყიდველამდე მიდიოდა.
სახელითა უვიცობისათა მოგვეზღო ჩვენ.
და როცა გავიშალეთ მხრებში,
თურმე უნდა მოვხრილიყავით
და რაც წაღმა გავაკეთეთ, უკუღმა აღმოჩნდა.
ამასობაში, ჩვენმა კარგმა ქვეყანამ
არც წარსულის, არც აწმყოსი და არც მომავლის
აღარ დაიჯერა
და ბოხჩაში გამოკრული საგზალივით ისე შემოგველია,
ვერც კი შევნიშნეთ.
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა,
ჩვენ პატარა ქართველები ვართ
და განცხრომით სხვაგან ყოფნას,
აქ სიკვდილი არ გვირჩევნია.
ოსანა!
სახელითა უფლისათა მოგვეგო ჩვენ.
Ninia Nadiradze
Graffiti by TABU92
facebook – facebook.com/tabu92ism
instagram – instagram.com/tabu92art
tiktok – tiktok.com/@tabu92art
graffiti #streetart #poetry #ninianadiradze #27tebervali #27february #name #ignorance #education #learning #books #reality #votes #ქუჩისმხატვრობა #გრაფიტი #პოეზია #ლექსი #ლოცვა #ნინიანადირაძე #27თებერვალი #სახელი #უვიცობა #განვითარება #განათლება #ცოდნა #წიგნები #არჩევნები #writer #tabu92