მიძგერხარ – მიფეთქავ, უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოები, დუგ–დუგ–დუგing!..

სხვას ვერასდროს ეყვარები, ისე როგორც მე! მე ვერ ვბედავდი უხეშობას, გეკითხებოდი, მივცე მეტი თავისუფლება ორგანიზმს, თუ მოვთოკო თავი–თქო და შენ კი ჩქარობ და მე ვერ გეწვევიო, არადა თვითონ მიწვევდი სხეულის გაცნობაში. შემდეგ სიტყვა “მეუკიდეგანოები”–ს მაგვარი შენი განსხვავებული ვარიანტი მინდოდა, რომ გეპასუხა, რადგან ვერ მოიფიქრე, “მიყვარხარ”–ს გწერდი, იმის მოლოდინით რომ შენ მიპასუხებდი “მეც”–ს, როგორც ყველაფრის დასაწყისში, როდესაც ორ ადამიანს მეტროში თავისუფლად მივეცი ჩემი ხელნაკეთი სავიზიტო ბარათის მსგავსი რამ და შენზე ძლივს გავბედე.. შენს შემდეგ კი ამ მომენტამდე არავისთვის აღარ მიმიცია მსგავსი ფურცლუკა ჩემი სოც. ქსელებით. ახლა გამიზნულად არ ვამბობ შენს ვინაობას. რადგან რაიმენაირად არ გატკინო, უამრავი სასიყვარულო ქუჩის მხატვრობა და გრაფიტი შენზეა რუსთავსა და თბილისში და ერთ ადგილზე სადაც მივაწერე მიძღვნა შენი სახელი–გვარი, მის მერე ლამის სიტყვით თავზე დამატეხე ყველა ის საღებავი რაც მასზე იმ კედელზე დავხარჯე. კი, მე არ მაქვს მოულოდნელი ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა, მაგრამ რაც შენ ჩაისახე ჩემს გულში და მიფეთქავ, მიძგერხარ, მის შემდეგ ერთი ბალონიც კი არ მიყიდია ჩემთვის, სულ შეკვეთიდან დარჩენილი ფასადური საღებავით ვხატავდი ქუჩებს. მე არ მაქვს არანაირი რეჟიმი, დღე–ღამის, კვების, სამსახურისა თუ სხვა, რადგან შეკვეთაზეც ვეუბნები რომ არ მელოდონ და დღის მანძილზე ან უთენია მივადგები ან დღის ნებისმიერ დროს, მაგრამ თუკი შენ მოიცლიდი საკუთარი სამსახურიდან რამე პერიოდს, ნებისმიერ დროს წამოვიდოდი და გიხილავდი. კი, შესაძლოა დამკვეთთან ცუდად გამოდის, მაგრამ მასთანაც არ მითქვამს რამდენ საათიანი სამუშაოა, შესაძლოა ორ ან სამსაათიანი და ორი დღე მქონდა, ან ერთი დღის ბოლო და ყველა ვარიანტში ვაბარებდი შეკვეთას დანთქმულ დროზე, არა საათებით, დღეებით ან.. მაგრამ ნებისმიერ დროს ასევე შენ შეგეძლო კეთების პროცესში მოსულიყავი და შემოგენათა ჩემთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. არასოდეს არ მიღალატია, არა თუ სარეცლით, გვერდზე გახედვითაც კი, გაფიქრებით თუ რა ლამაზი გოგონაა ესა თუ ის.. ორი შეკვეთა მქონდა, სამჯერ უკრაინელ მხატვარს ვეხმარებოდი ამ პერიოდის მანძილზე და მათ შორის ყოფილა ისეთი პერიოდები, როდესაც ბებიას ვერ ვეტყოდი გზის ფულს თბილისამდე სირცხვილის გამო და ხილ–ბოსტანშიც შევსულვარ და ხან ბარათიდან მოუჭრიათ და ხელზე მოუცემიათ, ხანაც ისე მოუციათ ვალზე. ერთხელ სისხლის ჩაბარებაც მოვასწარი და მის მერე აღარ ვაპირებ მსგავსი ქმედების განმეორებას, რადგან, თუკი წინა წელს (წელიწადში მამაკაცის ორგანიზმისთვის მხოლოდ ერთხელ სისხლის დონორობა კარგია)არაფერი მომივიდა, ამ წელს რაღაცნაირად რთულად ავიტანე. თანხის მხრივ გავიცანი სერიოზული ხალხი, ვინც რეალურად მაგარ შეკვეთებზე გამომიყოფს და თანხითაც ორივე ფეხზე მყარად დავდგები. შესაძლოა გუგლმა დაასკანეროს ამ საიტის ეს გვერდიც და ოდესმე შენ წაიკითხო ამის შესახებ და გეწყინოს რატომ გამოვააშკარავე ეს ერთ პოსტად.. მე კი პასუხი არ მექნება, ისევე როგორც იმ სიტყვების შემდეგ, როდესაც მითხარი რომ გაცივდი ჩემს მიმართ, რომ ჩემი არავითარი ბრალი არ იყო ამაში, მხოლოდ კარგი რომ გახსოვდა ჩემგან, რომ ცხოვრებაში თურმე ასეც ხდებაო და რომ შენ არ შეგეძლო რომ მოგეტყუებინე, გესარგებლა ჩემი უსაზღვროო სიყვარულით. მე კი ვიჯექი და ვიკავებდი ცრემლებს, ხმის ამოღება არ მინდოდა, რომ ცრემლი არ წამომსვლოდა თავისით და მერე როდესაც ყველაფერი მითხარი და ჩემგან ელოდი პასუხს, პარკში, შესაძლოა უამრავ ხალხში, კი მრცხვენოდა და ვცდილობდი შეჩერებას, მაგრამ არანაირად გამომდიოდა… ნახევარ საათზე მეტი, შესაძლოა ერთი საათიც გაუჩერებლად ვტიროდი და შენ, ალბათ არ გეჯერა, როდესაც ვლუღლუღებდი, იმას, რომ ვცდილობდი გაჩერებას და ბოდიშს გიხდიდი რომ ეს დამემართა.

ვიცი რომ აქ არც შემოსავალი თამაშობდა როლს, არც ორჯერ ხმა აწეული, როდესაც მიმტკიცებდი რაღაცას რომ ქუჩის სახელითა და ნომრით უფრო მარტივად იპოვიდი კონკრეტულ ადგილს მე კი მაგალითად მოგიყვანე რომ კოსტავას 18–ში მდებარე თიბისი ბანკი, უფრო მარტივად მოსაგნები იქნება ნებისმიერ ტრანსპორტს, რომელიც გაგიხარდება დააჯდე და უთხრა, რომ მერიასთან გაგიჩეროს და მერიისა და თიბისის შორის რომ რკინიგზის სადგურამდე სულ რუსთაველის ქუჩაა და მსგავს სისულელეებზე.. არც ის რომ ჩემზე ბევრად მეტი წიგნი გექნებოდა წაკითხული, რაც რეალურად მახარებს ახლაც და მე კი თავისუფალ დროს ინტერნეტიდან ვიღებდი ინფორმაციას ინგლისურად და რუსულად და “აი ემ ე თეიბლ”–ზე მეტი ინგლისური რომ ვიცოდი, მაგრამ სალაპარაკოდ რომ მაინც მიჭირდა, არც იმას ვნანობ, რომ ჩემი ტილოზე ნახატებისა და ქუჩის მხატვრობის საერთო წიგნი არ გამოვეცით, ბუკლეტები, პრეზენტაცია და ა.შ.. მაგრამ უზომოდ მადლობელი ვარ იმ იდეისთვის, რომ მითხარი ვებ–გვერდი გამეკეთებინა, აი, ჰო, ეს სადაც ახლა ვკრეფ ამ ტექსტს და ვიცი, რომ უამრავი რამე გამომრჩა სათქმელი.. დროც კი არ დავუთმე აზრს ჩამოსაყალიბებლად, რაც დამადგა ენაზე, გადავეცი თითებს კლავიატურაზე და აიკრიფა ეს..

ისაც მახსოვს, ბოლოსკენ თბილისში, იუსტიციის მეორე მხარეს ერთმა გახარებულმა ბავშვმა რომ მაჩუქა ბეჭედი როგორც გლადიატორის ნიშნით, ისე mf doom – ის ნიღბით და მოგწონს–თქო რომ გკითხე და დადებითი პასუხისას, დაე იყოს შენი–თქო ჩემგან, შენ კი არ გამომართვი. ის ბიჭი გამიგებდა და გამოიწერდა ახალს, რომ რამე, ან მეთქვა დამეკარგა, თუნდაც სიმართლე, რომ გავაჩუქე მასზე ვინც უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოება.. ერთი რომ არ ავიღებ სხვის ნაჩუქარსო, მეორე კიდევ შენ ჩემთვის ისეთი რამ გაქვს ნაჩუქარი, რასაც ვერავინ მაჩუქებდაო. აი, ზუსტად, ალბათ ახლა უნდა მოვრჩე კრეფას, რადგან მსგავსი წინადადებით დავიწყე ამ ტექსტის კრეფა “ისე არავის ეყვარები, როგორც მე” ტილო, ქუჩაში რამდენიმე არტი და გრაფიტი და რაც ვერ მოვასწარი მეჩუქებინა და რაზეც გული დამწყდა, ესაა შენი ერთერთი თხოვნა დამეხატა ყვავილები, ნარცისები და აწი უკვე ვიჩქარებ და ან დედიკოს მივცემ, თუ ვერ გავბედავ დაკაკუნებას, კართან დაგიტოვებ ამ ტილოს..

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! . .

თუკი რამე შეიცვალა, შენთვის კარი მუდამ ღიაა, ღმერთი შენკენ, ჩემკენ, ჩვენკენ, ასევე მათკენაც ვინც გვიყვარს და ვუყვარვართ!..

მიძგერხარ – მიფეთქავ, უჩარჩოო უსაზღვროების უსასრულობით მეუკიდეგანოები, დუგ–დუგ–დუგing!..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *