* * * / “მე არ მინდოდა ჩემი ბედი სხვას დაეწერა.” 2016

მე ვარ მსხვერპლი.

მე არ მინდოდა განათლება, მითუმეტეს ტექნიკური.

მე არ მინდოდა განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან.

მე არ მინდოდა ჭაღარა თმაში.

მე არ მინდოდა დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის,
მე არ მინდოდა ვალები და მასზე ნერვიულობა.

მე არ მინდოდა ხის მოჭრა,
თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის,
— ღუმელში დასაწვავად.

მე არ მინდოდა შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა.
მე არ მინდოდა საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი.

მე არ მინდოდა საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა.

მე არ მინდოდა მეწერა ლექსები,
მაგრამ ვგრძნობ,
რომ წერა ისე მჭირდება,
როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური.

მე არ მინდოდა
ჩემი ბედი სხვას დაეწერა.

2016

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *