რაც არ უნდა დააჯერო საკუთარ თავს,
რომ გყავს ბავშვი,
რომ შენი ნახატი სხვისთვის თავის ცხოვრებაზე მეტია,
რომ შენი ხილვები
დედამიწის მეორე მხარეს — ვიღაცისთვის რეალობაა,
რომ შენ მინიმუმ იმაზე მეტი ღირხარ — რასაც ქმნი,
რომ ზოგჯერ თვალდახუჭულს გესმის ბავშვის ტირილი,
რომელსაც დაბადების შანსი წაართვი,
რადგან გაიზარდე
და ახლა ბერივით გამოიკეტე მარტო —
საკუთარ ქალაქში,
საკუთარ სახლში,
საკუთარ წიგნში,
საკუთარ თავში.
ეძებ ბედნიერებას და პოულობ სიმშვიდეს
გინდა ხორცი და სვამ რძეს,
გინდა თაფლი და სვამ უშაქრო ყავას,
გინდა მეუღლე და ხატავ ნამტირალევი ქალის სახეს.
რომელსაც უნდა სექსი,
მაგრამ გული მისდის სისხლის დანახვაზე,
იჭრის თითებზე ფრჩხილებს,
კანკალებს და პირველად იცვამს საფენს.
მოჭარბებული ენდორფინების შემოტევისას,
როდესაც გული ცდილობს დამშვიდებას
და ხელები ჯერ კიდევ კანკალებს
ისხამს თავისთვის ტყის კენკრის ჩაის
და რწყამს ქოთნის ყვავილს.
იღებს ტელეფონს და ურეკავს მას —
ვის მეხსიერებაშიც შეიქმნა,
ანუ შენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობ,
შენ, ვინც წარმოიდგინე ყოველი სიტყვა — ქმედებაში,
შენ, ვინც საკუთარ თავში შექმენი მოკლემეტრაჟინანი ფილმი
და შენც, ვისაც ილუზია შეგექმნა იმის,
რაც ამ ლექსში არ დაწერილა..
როდესაც შენი ცხოვრება ქვიშასავით იფანტება ჰაერში
ან როცა წვიმა რომანტიკის ნაცვლად,
სველი ცემენტივით გიმაგრებს, გიმძიმებს ყოფას,
შემდეგ გცივა და არა გაქვს შეშა,
რომ გაითბო ხელები —
ქუდი და გრძელი თმა გიფარავს ყურებს,
მოდი და გაკოცებ გაყინულ ცხვირზე.
გადის საათი, მიჰყვება დღე, მას კვირას, მეორე, მესამე..
და ვხედავ —
მე რაც არ უნდა ვწერო
და შენ რაც არ უნდა ხატო,
და მან რაც არ უნდა იმღეროს
და მან..
თუკი გრძნობ,
რომ ვინმესთვის მაინც არ ხარ სულერთი,
მაშინ ხვდები,
რომ ღირდა მეოცნება ქმარი,
რომელმაც ტილოზე უკვდავგყო
და ჰქონდა შენს განვლილ ცხოვრებას მცირედი აზრი!.